მოკლე შეჯამება
საინვესტიციო ფონდები ინვესტიციების მართვის ერთ-ერთი საერთაშორისოდ დამკვიდრებული მექანიზმია, რომელიც გულისხმობს ინვესტორებისგან მოზიდული თანხების პროფესიონალურად მართულ, დივერსიფიცირებულ აქტივების პორტფელში განთავსებას.
2025 წელს უკვე ჯამში $2.1 ტრილიონზე მეტი აქტივებით, მანამდე შედარებით ნიშური კერძო საკრედიტო აქტივების კლასი, გლობალური საინვესტიციო სამყაროს ერთ-ერთ ძირითად შემადგენელ ნაწილად გარდაიქმნა, რომელიც ცვალებადი ბაზრის პირობებში ინვესტორებს სთავაზობს პროგნოზირებად, მაღალ სარგებელზე ორიენტირებულ შემოსავალს.
ისეთი გლობალური მოთამაშეების დაინტერესებამ, როგორებიცაა Apollo, Blackstone, Ares, KKR და სხვები, კერძო საკრედიტო აქტივების კლასი გარდაქმნა მსხვილ, ინსტიტუციურ სეგმენტად. სამომავლო ზრდის ძირითადი ტენდენციებია საკრედიტო ფონდებისთვის ე.წ. მარადმწვანე (უვადო) სტრუქტურების მეტად დამკვიდრება, მდგრადი განვითარების პრინციპების ინტეგრაცია და საცალო ინვესტორებისთვის წვდომის გაზრდა.
საქართველოს საინვესტიციო ფონდების ბაზარი მკვეთრად გაიზარდა ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და 2024 წლის ბოლოს 204 მილიონი ლარი შეადგინა, რაც ძირითადად საკრედიტო და ფიქსირებული შემოსავლიანობის ტიპის ფონდების ზრდით არის გამოწვეული (აქტივების 83%).
თიბისი აქტივების მართვა (TBC AMC) საქართველოში წამყვანი აქტივების მმართველია, რომელიც ჯამში დაახლოებით 155 მილიონი ლარის აქტივებს მართავს 2025 წლის 30 ივნისის მდგომარეობით და 2024 წლის ბოლოს, ბაზრის 68% წილს ფლობდა აქტივების მოცულობით.
თიბისი აქტივების მართვის საკრედიტო ფონდების მომგებიანობა უკანასკნელი 12 თვის განმავლობაში საორიენტაციოდ 8.50-9.00%-ის ფარგლებში მერყეობდა (გადასახადებამდე). აღნიშნული ფონდები სტაბილურად კარგ, რისკებზე მორგებულ ამონაგებს გამოიმუშავებს, რომელიც ძირითადად მსგავსია ან გარკვეულ შემთხვევებში უკეთესი სხვა ადგილობრივ საინვესტიციო ინსტრუმენტებთან შედარებით.
TBC AMC-ის კერძო საკრედიტო ფონდები დიდ-წილად იმეორებს საქართველოს საბანკო სისტემაში არსებული აშშ დოლარში დენომინირებული კორპორატიული საკრედიტო პორტფელის გადანაწილებას.
TBC AMC-ის ფონდების ინვესტორების 55%-ზე მეტი არარეზიდენტია. საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან ძლიერი ინტერესი, ძირითადად ევროკავშირის ქვეყნებიდან, საქართველოს მზარდი კაპიტალის ბაზრის ტენდენციების ასახავს.
TBC AMC-ის დივერსიფიცირებული საკრედიტო პორტფელის მეორადი ბაზრის აქტივობამ 2024 წლის განმავლობაში დაახლოებით 20%-მდე შეადგინა, რაც საჯარო საინვესტიციო პროდუქტებთან შედარებითაც კი მაღალია, იმის მიუხედავად რომ ეს ფონდები საჯაროდ არ ივაჭრება. ეს მიანიშნებს მოსალოდნელთან შედარებით მაღალ ლიკვიდურობასა და დაინტერესებაზე ინვესტორების მხრიდან.