განვითარებულ ქვეყნებში მოქალაქეები საკუთარ დანაზოგს ხშირად აბანდებენ საინვესტიციო პროდუქტებში, მათ შორის ფონდებში. ისინი თანხის შენახვის ნაცვლად, სწორედ ინვესტირების გზას ირჩევენ.

საქართველოში, ბაზრის განვითარებასთან ერთად, სულ უფრო მეტი ადამიანი აინვესტირებს საკუთარ დანაზოგს ფასიან ქაღალდებსა და ფონდებში, მაგრამ თანხის უმეტესი ნაწილი - 71% - ჯერ კიდევ საბანკო დეპოზიტებში რჩება.
ევროპის განვითარებულ ქვეყნებში სურათი საპირისპიროა: მოქალაქეების დანაზოგების 69% ფონდებში, ფასიან ქაღალდებსა და საპენსიო/სადაზღვევო აქტივებშია განთავსებული.
თუ შევხედავთ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს, სადაც ბანკები ასევე დომინირებენ, ფონდებში ინვესტიციები ევროპის საშუალო დონეზე დაბალია, მაგრამ მაინც დაახლოებით 30%-ით აღემატება საქართველოს მაჩვენებელს.

საინტერესოა, რომ ქვეყნების მიხედვით ფონდების ტიპებიც განსხვავდება და ეს მათი კაპიტალის ბაზრების განვითარებას ასახავს. საქართველოშიც მსგავსი სურათია — ფონდებს შორის მთავარი ადგილი საკრედიტო ფონდებს უჭირავს, რის შემდეგაც ფიქსირებული შემოსავლიანობისა და სხვა ტიპის ფონდები მოდის ბაზრის განვითარებასთან ერთად, მოსალოდნელია ქართულ ბაზარზე გამოჩნდეს ახალი, სხვა ტიპის ფონდები, რაც ინვესტორებისთვის ახალ შესაძლებლობებს შექმნის.

რა არის საინვესტიციო ფონდი?
საინვესტიციო ფონდი არის კოლექტიური საინვესტიციო სქემა, რომელიც ინვესტორებისგან აგროვებს კაპიტალს და თანხას აბანდებს განსაზღვრული საინვესტიციო პოლიტიკის შესაბამისად. ფონდის მიზანია, რისკების მართვა და მოგების მიღება.
ფონდებს მართავენ პროფესიონალი აქტივების მმართველები ან საინვესტიციო კომპანიები, რომლებიც თანხას ანაწილებენ სხვადასხვა ფინანსურ ინსტრუმენტში. ფონდების სტრატეგია შეიძლება იყოს:
კაპიტალის ზრდა
შემოსავლის გენერირება
რისკის შემცირება
ლიკვიდობის მართვა
რესურსების გაერთიანების შედეგად, ინდივიდუალური ინვესტორები იღებენ ბევრად მეტ შესაძლებლობას, ვიდრე აქტივების დამოუკიდებლად მართვის შემთხვევაში. ფონდში ინვესტირებით მათ წვდომა აქვთ, უფრო ფართო აქტივებზე, რომლებიც ექსპერტულ დონეზე იმართება.
რა ტიპის საინვესტიციო ფონდები არსებობს?
ფონდები, როგორც წესი, ინვესტირებას ახდენენ აქტივების შემდეგ კლასებში: აქციებში, ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებში, ალტერნატიულ აქტივებსა და ფულის ეკვივალენტებში.
აქციები ხასიათდება ზრდის მაღალი პოტენციალით და ამავდროულად რისკიანობით, ხოლო ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტები (ობლიგაციები და სხვა სავალო ინსტრუმენტები) უზრუნველყოფს უფრო სტაბილურ შემოსავალს. ალტერნატიული ინვესტიციები აერთიანებს ინვესტიციებს ისეთ აქტივებში, როგორებიცაა: უძრავი ქონება, ნედლეული, კერძო კაპიტალი ან დერივატივები, რაც დამატებით დივერსიფიკაციას უზრუნველყოფს. ფულის ბაზრის ინსტრუმენტები კი უზრუნველყოფს მოკლევადიან, მაღალლიკვიდურ აქტივებს უსაფრთხოებისა და ლიკვიდობის საჭიროებისთვის.
ფონდის აქტივების სტრუქტურა დამოკიდებულია კონკრეტულ მიზნებზე, მაგალითად: ზრდაზე ორიენტირებული ფონდი ძირითადად აქციებს ფლობს, ხოლოშემოსავალზე ორიენტირებული ფონდი ყურადღებას ამახვილებს ობლიგაციებსა და სხვა ფიქსირებული შემოსავლის მქონე ინსტრუმენტებზე.
რატომ უნდა დააბანდოთ თანხა ფონდის მეშვეობით?
საინვესტიციო ფონდები ინვესტორებს არაერთ უპირატესობას სთავაზობს:
წვდომა აქტივებზე, რომელში ინვესტირებაც ინდივიდუალური ინვესტორებისთვის ბევრ სირთულესთან არის დაკავშირებული
რისკის დივერსიფიკაცია, რაც ინდივიდუალური ინვესტიციის წარუმატებლობის რისკს ამცირებს
ინვესტიციებს მართავენ გამოცდილი პროფესიონალები, რომელთაც წვდომა აქვთ მაღალი ხარისხის კვლევებზე, პორტფელისა და რისკის მართვის ინსტრუმენტებზე
აქტივების მმართველები ინვესტორების ნაცვლად მართავენ რეინვესტირების რისკს და აწარმოებენ მუდმივ მონიტორინგს
ფონდის დახმარებით ინვესტირება ხშირად უფრო მოქნილია, ვიდრე საბაზისო აქტივებში
ფონდი იძლევა მასშტაბის ეკონომიას, რაც ამცირებს ადმინისტრირების, ანგარიშგების თუ კვლევასთან დაკავშირებულ ხარჯებს
აქტივების მმართველებისა და ფონდების საქმიანობაზე ვრცელდება რეგულირებისა და გამჭვირვალობის მაღალი სტანდარტები